saqarTvelos qedebi - pankisis qedi

 

ისტორიული სახელწოდება: ტბათანის ქედი, წოვის ქედი.

კახეთის კავკასიონის მთავარი ქედის განშტოება, მდინარეების ილტოსა და ალაზნის წყალგამყოფი. გამოეყოფა კახეთის ქედს ლაგაისმთასთან და სამხრეთით მდინარე ილტოს ქვემო დინებამდე აღწევს. აგებულია იურული და ცარცული ასაკის თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებით, მერგელებით, თიხებით. პანკისის ქედზე აღმართულია მთები: უსახელო (2603 მ), ტბათანა (2457 მ), საკანაფოს სერი (1856 მ), მთაწმინდა (1508), ჯაბური (1474 მ), კლდისთავი (1273 მ) და სხვა.

პანკისის ქედის კალთები დანაწევრებულია მდინარეების ლამაზურის, ქვაჩადალის, ბაწარის, კურტანაძეულის, მატნისხევის, ველთხევის, საღორისხევის, ბოდალხევისა და სხვა ხეობებით, რომელთა შორის არის გვერდითი ეროზიული ქედები. პანკისის ქედზე გარდა ეროზიულისა არის რელიეფის მეწყრული და კარსტული ფორმები. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია რცხილნარ-მუხნარით, ზედა - წიფლნარით, გამოერევა ცაცხვი, ნეკერჩხალი, წაბლი. ქედის თხემურ ზოლში გავრცელებულია სუბალპური და ალპური მდელოები. აღმოსავლეთ კალთაზე მდინარე ბაწარის ხეობაში არის უთხოვრის ტყის ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი.